დოგმატი



ნიკეის VII მსოფლიო კრებაზე შეკრებილი 367 წმიდა მამისა ხატთა თაყვანისცემის შესახებ

ვიცავთ წერილობით ან დაუწერლად ჩვენთვის დადგენილ არა ახალშემოსულ საეკლესიო გადმოცემებს. მათთან ერთად არის ხატი, ფერწერული გამოსახულება, რომელიც სახარების ქადაგებებს თხრობებს უთანხმებს და ჩვენ მიერ ღვთის სიტყვის განხორციელების არა წარმოსახვით, არამედ ჭეშმარიტ რწმუნებას და მსგავს სარგებლობას ემსახურება. ამრიგად, რადგან ერთი მეორეზე უთითებს, უეჭველად ერთი მეორეს განმარტავს. ამით, რაც არსებობს, როგორც სამეუფო გზით მავალნი და ჩვენი წმინდა მამების ღვთივმეტყველი მოძღვრების და კათოლიკე ეკლესიის (ვიცით, რომ ეს არის მასში მცხოვრები წმიდა სულისგან) გადმოცემის მიმდევარნი სრული ჭეშმარიტებით და გულმოდგინე განხილვის შედეგად განვსაზღვრავთ: პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის გამოსახულების მსგავსად წესია ღვთის წმინდა ეკლესიებში, წმინდა ჭურჭელზე, სამოსელზე, კედლებზე, ფიცრებზე, სახლებში და გზებზე პატიოსანი და წმინდა ხატები იყოს საღებავებით დახატული, ქვაში გამოკვეთილი და სხვა ამისთვის გამოსადეგი ნივთიერებით შექმნილი, როგორც ჩვენი უფლისა, ღვთისა და მხსნელისა იესო ქრისტესი, ჩვენი უხრწნელი დედოფლის წმინდა ღვთისმშობლისა, ასევე პატიოსანი ანგელოზებისა, ყველა წმინდანებისა და ღირსი მამებისა. რამდენადაც უმეტესწილად დანახვა შეიძლება ხატზე გამოსახვის გზით, იმდენად მათი მაცქერალნი შეუდგებიან ღვაწლს, მოიგონონ და უყვარდეთ ხატზე გამოსახულთა პირველსახენი, პატივი მიაგონ მათ ამბორით და პატივისმცემელი თაყვანისცემით. არა ჭეშმარიტი ჩვენი სარწმუნოების მიხედვით, ღვთის თაყვანისცემით, როგორც შეეფერება ერთიან ღვთაებრივ ბუნებას, არამედ იმგვარი პატივისცემით, როგორც ვეთაყვანებით პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის გამოსახულებას, წმიდა სახარებას და სხვა სიწმიდეებს, საკმეველით და სანთლების ანთებით პატივი მიეგებათ ისევე, როგორც ძველებს ჰქონდათ კეთილმსახური ადათ-წესი, რადგან პატივი, რომელსაც მივაგებთ ხატს, გადადის პირველსახეზე და ხატის თაყვანისმცემელი თაყვანს სცემს მასზე გამოსახულის არსებას. ასე მტკიცდება ჩვენი წმიდა მამების მოძღვრება, ეს არის გადმოცემა ქვეყნის კიდით-კიდემდე კათოლიკე ეკლესიისა, რომელმაც მიიღო სახარება.




დიდი სჯულის კანონები საეკლესიო ქონების შესახებ



ეპისკოპოსი უნდა ზრუნავდეს ყოველგვარ საეკლესიო ნივთებზე და განაგებდეს მათ, როგორც ღვთის ზედამხედველობის ქვეშ მყოფთ. მაგრამ მას არა აქვს ნება, რომ მიიხვეჭოს რამე მათგან, ან თავის ნათესავებს აჩუქოს ღვთის საუნჯე. ხოლო თუ ისინი გლახაკნი არიან, უნდა მისცეს მათ, როგორც გლახაკებს, მაგრამ ამ მიზეზის გამო ნუ დახარჯავს მათზე ეკლესიის ქონებას. (წმინდა მოციქულთა კანონები - 38).

ეკლესიას მართებს გულმოდგინედ, კეთილსინდისიერად და ყოვლისმხილველი და მსაჯული ღვთის შეურყეველი რწმენით საეკლესიო ქონების შენახვა და კეთილად დაცვა. მისი განგება, მოვლა-პატრონობა და გამოყენება შეიძლება ეპისკოპოსის განსჯითა და უფლებით, რომელსაც ჩაბარებული ჰყავს მთელი ერი და იქ შეკრებილთა სულები. საეკლესიო ქონების რაოდენობა ცნობილი უნდა იყოს ეკლესიის მღვდელთა და დიაკონთათვის. მათ კარგად უნდა იცოდნენ, რა ეკუთვნის მათ ეკლესიას, არაფერი არ უნდა იყოს მათგან დაფარული, რათა თუ ეპისკოპოსი გარდაიცვლება, ყველასათვის ცხადად ჩანდეს საეკლესიო ქონება და ნივთები, რომ არც ისინი გაიფანტონ და დაიკარგონ და არც ეპისკოპოსის პირად ქონებას დააკლდეს საეკლესიო ქონების მიზეზით. სწორი და მოსაწონია ღვთის წინაშე და კაცთა შორის, რომ თავისი ქონება ეპიკოპოსმა თვითონ დატოვოს, როგორც სურდეს. ხოლო საეკლესიო ქონება კი ხელშეუხებლად უნდა იქნეს შენახული. ასე რომ, არც ეკლესიამ უნდა ნახოს რაიმე ზარალი და არც ეპისკოპოსმა ეკლესიის მიზეზით. ყველაფერი უნდა იყოს გარკვეული, რომ არც ეპისკოპოსის ნათესავები ედავებოდნენ ეკლესიას მისი სიკვდილის შემდეგ და ამით მისი სახელი არ შებღალონ და თვითონაც განსაცდელში არ ჩაცვივდნენ. (ანტიოქიაში შეკრებილ წმინდა მამათა კანონები - 24).

,,მერმეცა სამღვდელოთა ჭურჭელთა და ღმრთისადმი შეწირულთა სიწმინდეთათვის, რომელ არიან ბარძიმ-ფეშხუმ-სამწერობელნი და ყოველივე ეკლესიით და შეწირული და ერთგზის ღმრთისადმი მიცემული ოქროი, ვერცხლი, თუალი, მარგალიტი, ჭიქაი, სტავრაი, ნაქსოვი, სინი, რვალი, რკინაი, ძელი, კეცი, ქვაი. ამას განვაწესებთ შედგომითა წმიდათა კანონთაითა, რაითა არავის ხელ-ეწიფოს ხმარებად მისსა არარად, არცა ტყუეთ სახსრად, დაღათუ ცუდადცა და უხმარად მდებარე იყვნენ და ფერხითა დასათრგუნველად ისხნენ ეკლესიასა შინა და საჭურველსა მისსა. ხოლო უკუეთუ ვინმე იკადროს ამათგანისა რაისაცა გარეგნით მის ეკლესიისა და თვინიერ მისსა, ვითარ განწესებულ იყოს და ვითარ სახედცა სამსახურად ეკლესიისა, ანუ საკურთხევლისა შექმნილ იყოს სხუად რადცა ხმარებად, მოვლოდეთ აქა უკუე ბაბილოვნელთა მეფისა ბალტასარისა და ანანიაის და საპფირაის სასჯელსა, ხოლო მუნ ცეცხლსა საუკუნესსა განმზადებულსა, ეშმაკთათვის და ანგელოზთა მისთათვის. (რუის-ურბნისის კრება, 6 კანონი).

სიწმინდეთმკრეხელობა ითვლება მძიმე სნეულებად





სიწმინდეთა მკრეხელობა, საეკლესიო ნივთების მიტაცება, ძველი აღთქმის წიგნთა მიხედვით, ღირსია არანაკლები სასჯელისა, ვიდრე მკვლელობა, რადგან კაცისმკვლელიცა და ღვთისთვის შეწირული ქონების მიმხვეჭელიც ჩაქოლვით ისჯება (შდრ. ისუ ნავე 7, 22-26).

არ ვიცი, საეკლესიო ჩვეულებამ დაუშვა თუ არა რაიმე შეღავათი ან შერბილება სასჯელისა, რომ ეს სენი განიკურნოს უფრო ადვილი სასჯელით. მამათაგან გადმოცემით მიღებული სჯულის მიხედვით, ასეთი დანაშაულის ჩამდენთა განკანონება შემოიფარგლა მრუშობისთვის დაწესებულ სასჯელზე ნაკლები დროით.

ცოდვის მოქმედების ყველა სახის განხილვის დროს პირველ ყოვლისა საჭიროა გაირკვეს, თუ როგორია განკურნებადის გულმოდგინება. არ უნდა გვეგონოს, რომ მხოლოდ დრო არის საკმარისი განკურნებისთვის, რადგან კურნებას დრო კი არ მოიტანს, არამედ მთავარია ნება და არჩევანი მისი, რომელსაც სურს მოიქცეს და ისწრაფვის, განიკურნოს თავი. ეს ყოველი, ჰოY ღვთის კაცო, დიდი სისწრაფით, სახელდახელოდ დაწერილი, სასწრაფოდ გამოგიგზავნე, რადგან საჭიროა ყური დავუგდოთ ძმების ბრძანებას. შენ კი ნუ დააყოვნებ ღვთისადმი ჩვენთვის ჩვეულებრივ ლოცვის შეწირვას, რადგან, როგორც ერთგულ ძეს, გმართებს, რომ ლოცვით ემსახურო შენი საღვთო მშობლის სიბერეს იმ მცნებისამებრ, რომელიც ბრძანებს მშობელთა პატივისცემას, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანაზე (გამოსლვ. 20, 12). მე მწამს, რომ ამ წერილს მიიღებ როგორც წმინდა ნიშანს და ძღვენს არ შეურაცხყოფ, თუნდ შენს მაღალგონიერებაზე დაბლა იდგეს იგი. (გრიგოლ ნოსელი. VIII კანონი)

ვინც საეკლესიო ნივთებს თავისი სარგებლობისთვის მიიტაცებს, ან სიწმინდეთა გარდა სხვა რამისთვის იხმარს, ის უნდა დაისაჯოს სრული განკვეთით

ვნებათა მონებად ქცეულებს არამცთუ საღვთო კანონთა სასჯელის არ ეშინიათ, არამედ ამ კანონებს ურცხვად აგდებით ექცევიან. ისინი ამახინჯებენ მათ და თავისი ვნებების მიხედვით ცვლიან. ვნებისმიერი ცდომის პატივისცე

მითა და სიყვარულით, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, ბოროტს, ეშმაკს არათუ საძრახისად არ თვლიან, არამედ ეშმაკი ღმერთად სურთ მიიჩნიონ. მათ შესახებ სამოციქულო კანონი (73-ე) ამბობს: `ნურავინ წაიღებს სახმარებლად განწმენდილ ოქროს ან ვერცხლის ჭურჭელს, ან კრეტსაბმელს, რადგანაც ეს არის უკანონობა, ხოლო თუ ვინმეს ემხილება ამის ჩადენა, ის უზიარებლობით უნდა განიკანონოს~.

ვინც თავის უსჯულოებას ამართლებს, ამბობს: ჯეროვანი არ არის განკვეთის ღირსად მივიჩნიოთ ის, ვინც წმინდა ტრაპეზის თაყვანსაცემ სამოსელს თავის სამოსლად, ან სარტყლად იხმარს, გინდ სარეცლისათვის, და არა მარტო ის, არამედ ისიც კი, ვინც თავისი საჭიროებისათვის მოიხმარს წმინდა ბარძიმს, ჰოი უღვთოებავ, პატიოსან ფეშხუმს და სხვა მათ მსგავსს თითონ გამოიყენებს და უბრალო ხმარებით წაბილწავს იმათი სიტყვით, ეს კანონი თითქოს იმას ამბობს, რომ ამ დანაშაულის მოქმედნი განიკანონებიან მხოლოდ უზიარებლობით და არ ისჯებიან განკვეთით. მაგრამ ვინ აიღებს თავის თავზე ამოდენა უღმერთოებასა და ამოდენა შეცვლა-შერყვნას. კანონი განაკანონებს უზიარებლობით განწმენდილი ჭურჭლისა და სხვა ნივთების მხოლოდ ხმარებისათვის და არა მიტაცებისათვის. ხოლო ეს უსჯულონი განკვეთისაგან ათავისუფლებენ წარმტაცებლებსაც, სიწმინდეთმკრეხელებსაც და იმათაც, ვინც წმინდათა წმინდა შეაგინა. და აგრეთვე თავისი უსამართლო მსჯავრით განკვეთის გარეშე ტოვებენ იმათ, ვინც სანოვაგისათვის ხმარებით თაყვანსაცემ ფეშხუმს და სამღვდელო ბარძიმს წაბილწავს მაშინ, როდესაც უეჭველია ამ საქმის სიბილწე და ცხადია, რომ ამის მოქმედნი არამცთუ მხოლოდ განიკვეთებიან, არამედ უკიდურესი უღვთოების დანაშაულში ჩაცვივდებიან. ამისთვის წმიდა კრებამ განსაზღვრა, რომ ვინც წმინდა ბარძიმს, ფეშხუმს, მარწუხს (საზიარებელ კოვზს), საკურთხევლის სამღვდელო შესამოსელს, პერექელს, ანუ ცას, ან საკურთხევლის შიგნით სამსახურებელ ყოველგვარ წმიდა ჭურჭელს ან შესამოსელს თავისი სარგებლობისთვის მიიტაცებს, ან სიწმიდეთა გარდა სხვა რამისთვის იხმარს, ის უნდა დაისაჯოს სრული განკვეთით. ვინაიდან ერთი მათგანი სიწმიდეთმკრეხელობაა, ხოლო მეორე შეგინება. ვინც საკურთხევლის გარეთ მყოფ საეკლესიო ჭურჭელს ან ნაქსოვს სიწმიდეთა გარდა თავისთვის ან სხვისთვის მოიხმარს, მათ კანონი უზიარებლობით დასჯის და ჩვენც მასთან ერთად უზიარებელვყოფთ. ხოლო მთლიანად მიმტაცებლებს სიწმიდეთამკრეხელთა კანონით და სასჯელით დავსჯით.

(კონსტანტინეპოლის ორგზისი კრება. 10 კანონი)




გვეხება თუ არა ჩვენ, ერისკაცებს ის უსჯულოება,
რაც ჩვენს გარშემო აშკარად ხდება?

წმიდა იოანე ოქროპირი. პირველი სიტყვა იუდეველთა წინააღმდეგ

მუხლი მე-3

`თუკი თქვენ ხედავთ, რომ რომელიმე თქვენი ძმობიდან ჩავარდნილია რაიმე მსგავს უსჯულოებაში და ეს თქვენ მიგაჩნიათ სხვის და არა საკუთარ განსაცდელად და ცდილობთ თავი გაიმართლოთ თქვენ მამხილებელთა წინაშე ასეთი სიტყვებით: რა ჩემი საქმეა ეს?, რა მაქვს საერთო მასთან? _ ეს სიტყვები სხვა არაფერია თუ არა გამოხატულება უკიდურესი საეშმაკო ულმობელობისა და არაადამიანობისა! რას ლაპარაკობ შენ? თუკი ხარ რა ბუნებით ადამიანი და გაქვს სხვასთან ერთი და იგივე ბუნება, და აქედან გამომდინარე მითუმეტეს გყავს საერთო თავი _ ქრისტე და ამის შემდეგ შენ კიდევ აცხადებ, რომ არაფერი გაქვს საერთო შენივე ასოებთან, _ კი მაგრამ, რანაირადღა აღიარებ მაშინ, რომ ქრისტე არის ეკლესიის თავი? თავი კი რა თქმა უნდა აერთიანებს და აკავშირებს ყველა ასოს, ზუსტად განალაგებს რა მათ ერთმანეთის მიმართ. თუკი შენი თქმით, მართლაც, არაფერი გაქვს საერთო შენ ასოებთან, მაშინ არაფერი გაქვს საერთო არც შენ ძმასთან და არც ქრისტე არ არის შენი თავი.~

მუხლი მე-4

`რამდენადაც თქვენ წარმოადგენთ ქრისტეს მხედრობას, ამიტომაც გულმოდგინებით გამოიძიეთ და გაარკვიეთ, ხომ არ გაერია თქვენს შორის ვინმე უცხო ტომის კაცი და თქვენც გამოაცხადეთ მის შესახებ, არა იმისთვის, რომ ჩვენ რომელიმე ბელადების მსგავსად მოვკლათ ის, ან ხორციელი ტანჯვის მეშვეობით დავსაჯოთ, არამედ იმისთვის, რომ ის გავანთავისუფლოთ თავისი შეცდომილებისა და ბიწიერებისაგან და რათა ჩვენც ჩვენი საქმე გავაკეთოთ მთელი სიზუსტის დაცვით. ხოლო, თუკი თქვენ ეს არ გინდათ და იცით რა დამნაშავის შესახებ, დაიწყებთ მის დაფარვას, _ დარწმუნებულები იყავით, რომ მისნაირივე სასჯელს დაექვემდებარებით. და პავლეც სასჯელს ადებს, არა მხოლოდ იმათ, ვინც ბოროტებას "იქმან", არამედ იმათაც ვინც "თანაცა სათნო-ეყოფვიან მოქმედთა მათ." (რომ. 1. 32). და წინასწარმეტყველიც ერთნაირად

განიკითხავს ისეთებსაც, ვინც იპარავს, და ვინც მპარავებთან ერთად გარბის. (ფს. 49, 18). და ეს სრულიად სამართლიანია.

ვინც იცის რა ბოროტმოქმედის შესახებ და იფარავს მას, ამით, ერთის მხრივ, აძლევს უზარმაზარი თვითნებობის საბაბს და მეორეს მხრივ, კი განაწყობს ისე, რომ ასეთმა დიდი უშიშარობით აკეთოს ბოროტება.~

ბასილი დიდის 71-ე კანონი

`ვინც მოწმე იყოს ყველა ზემოთჩამოთვლილი ცოდვისა და თვითონ კი არ აღიაროს, არამედ სხვამ ამხილოს, რომ იცის ცოდვის შესახებ, იმდენ ხანს იყოს დასჯილი ისიც, რამდენ ხანსაც განკანონებული იქნება თვითონ ცოდვის ჩამდენი~

ეპისკოპოს ნიკოდიმოს მილაშის მიერ ამ კანონის განმარტება

`ეს კანონი წარმოადგენს წინა (51_70) კანონთა დამაგვირგვინებელ კანონს, რომლებიც განიხილავდნენ სხვადასხვა ცოდვებს. და თვითოეულ ისეთ პირს, ვინც იცის ამ კანონებში მოყვანილი ცოდვების ფაქტები, მაგრამ ეპისკოპოსს არ აცნობებს მათ შესახებ და დამნაშავეს ხელს აფარებს, ყველა ასეთი ისევე დაისჯება, როგორც შემცოდე.

ამავე დროს, კანონში აღწერილია ერთი მეტად მნიშვნელოვანი საერთო ხასიათის საეკლესიო-იურიდიული განწესება. მაშასადამე, ზევითმოყვანილ კანონებში დამნაშავეები ისჯებიან შესაბამისი ეპიტიმიებით. მაგრამ ისჯებიან ასე არა მარტო ისინი, არამედ ის ხალხიც, ვინც ამ ცოდვებთან იყო შეხებაში ანუ, ანკვირიის 25 კანონის მიხედვით, "თანადამნაშავენიც". სწავლება თანამონაწილეობის შესახებ განვითარებულ იქნა რომაულ კოდექსში, რამაც გამოძახება ჰპოვა ამ კანონშიც. თანამონაწილედ საერთოდ ითვლება ის, ვინც შეგნებულად ეხმარება მთავარ დამნაშავეს დანაშაულის აღსრულებაში. თანამონაწილეობა შეიძლება იყოს ორგვარი: უშუალო, ანუ, როდესაც ვინმე პირი მხარს უჭერს და აქტიურად ეხმარება შემცოდეს დანაშაულის ჩადენაში, და არაუშუალო, ანუ ინტელექტუალური, როდესაც ვინმე შეგნებულად წააქეზებს დამნაშავეს დანაშაულის ჩადენისკენ. თანამონაწილეობას ეკუთვნის ასევე ისიც, როდესაც ვინმე

ისეთ ქმედებებს სჩადის, რაც უადვილებს დამნაშავეს ცოდვის ჩადენას, ასევე თანამონაწილეობად ითვლება დაფარვა, ან კი განთავისუფლება დამნაშავისა სასჯელისაგან."

45-ე კითხვა: კიდევ რანაირად ვმონაწილეობთ ჩვენ სხვის ცოდვებში?

პასუხი: როდესაც ვაძლევთ სხვებს ცოდვის საბაბს, ან რაიმე საცთურით, რასაც მოჰყვება ცოდვა ან სურვილით, ან უწმაწური სიტყვებით, ან ბიწიერების ქებით, ან კი კეთილი საქმეების ძაგებით. ასევე, თუკი ვინმე განზრახულად აგდებს სხვას მრისხანებაში, ან კი ის, ვინც თავისი ძალისაებრ არ ებრძვის ვნებას; ან კი არ მოძღვრავს ვინმეს თავისი ვალდებულებისდა მიხედვით: - ყველა ასეთი არის მონაწილე სხვისი ცოდვისა.

არავინ იფიქროს, რომ რაიმეს მოიგებს სიმართლისაგან დამალვით: თუ ეპისკოპოსს ბრალი დასდონ ღირსეულმა ადამიანებმა რაიმე საქმის გამო, ის უნდა გამოიძახონ სხვა ეპისკოპოსებმა, და თუ მივა და აღიარებს, რაშიც ბრალი ედება, განუსაზღვრონ მას ეპიტიმია. მაგრამ თუ გამოიძახებენ და არ დაემორჩილება, გაუგზავნონ ორი ეპისკოპოსი და ხელახლა დაიბარონ. თუ მაშინაც არ შეისმენს მესამედ მიავლინონ ორი ეპისკოპოსი და კიდევ მოიხმონ. თუ ამის შემდეგაც ყურს არ ათხოვებს გამოძახებას და არ მივა, კრებამ თვითონ განსაზღვროს, რაც მიაჩნია საჭიროდ, რათა არავინ იფიქროს, რომ რაიმეს მოიგებს სიმართლისაგან დამალვით (მოც. კან. 74).

`უკუეთუ ვინმე დასნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთა და ასწავოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო, რომელმან ყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა~ (მათე, 5; 19).

როგორ შეაჩვენებს მართლმადიდებელი
ეკლესია ხატმებრძოლებს



ძეგლისწერაჲ სარწმუნოებისაჲ, რომელი აღწერს წმიდათა მამათა კონსტანტინეპოლეს შეკრებულთა, წმიდათა ხატთა თაყუანისცემისათჳს, რომელ-ესე წარიკითხვის სოფია წმიდას პირველსა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა

ესე არიან კურთხევანი მამათანი და მათგან ჩუენ ზედა, შვილთა მათთა და მობაძვათა მართლმადიდებლობისა მათისათა, მიიწევიან. ეგრეთვე წყევანი ურჩთა და განდგომილთა და უგულებელსმყოფელთა მცნებათა ღმრთისათა შეეტყუებიან. ამისთჳსცა ყოველნი მორწმუნენი ესრეთ ვიტყჳთ უწესოთა მათთჳს და უკეთურთა:

რომელნი-იგი სიტყჳთ შეიწყნარებენ განგებულებასა მას ქრისტეს განჴორციელებისასა, ხოლო ხატებით გამოსახვად მისა და თაყუანისცემად არა თავს-იდებენ და ამისთჳს სიტყჳთ იჩემებენ ღმრთისმსახურებასა და საქმით უარ-ჰყოფენ, შეჩუენებულმცა არიან.

რომელნი სიტყუასა მას გარეშემო უწერელობისასა ბოროტად იწამებენ და ამისთჳს წინააღმდგომ არიან დამაყენებელ გამოხატვად ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, რომელი ჩუენთჳს განჴორციელდა და ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა იქმნა თჳნიერ ცოდვისა, რომელნიცა უკუე წმიდასა ხატსა მისსა გმობენ, შეჩუენებულმცა არიან.

რომელნი გამოსახვასა ყოვლისა ცხორებისასა არა შეიწყნარებენ, ვითარ-იგი იხილვა ქუეყანასა ზედა უფალი ჩუენი იესუ ქრისტE და იქცეოდა კაცთა შორის, ვითარ განკურნნა ყოველნი სენნი და ვნებანი კაცთანი, ვითარ-იგი ჯუარსა ეცუა, დაეფლა და აღდგა და ამაღლდა ზეცას და მოევლინა სული წმიდაჲ წმიდათა მოციქულთა ზედა, აწ უკუე რომელნი განმაცხოველებელთა ამათ სოფლისათა საქმეთა ქრისტესთა გამოხატვად და თაყუანისცემად არა თავს-იდვეს, შეჩუენებულმცა არიან.

რომელნი ჰგიან წვალებასა ზედა ხატთა ბრძოლისასა, უფროჲსღა განდგომილებასა ქრისტეს ბრძოლისასა და არცა წინასწარმეტყუელთა სწავლასა, არც მოციქულთა ქადაგებასა, არცა წმიდათა მამათა მოძღურებასა შეიწყნარებენ მოქცევად საცთურისა მისგან, არცა ერთობასა მას ეკლესიისასა შეუდგებიან, არამედ ესრე წარმდებებით იუცემიან თავნი თჳსნი ნაწილსა ჰურიათა და წარმართთასა, რამეთუ ვითარცა იგინი ჰგმობენ უფალსა, ეგრეთვე ესენი წმიდასა ხატსა მისსა შეურაცხ-ჰყოფენ, რომელნიცა უკუე მოუქცეველად ეგნენ საცთურისა მისგან და დაიყვნენ ყურნი ყოვლისაგან სულიერისა მოძღურებისა და ბოროტისა მას წვალებასა შინა დაადგრენ, შეჩუენებულმცა არიან.

ლეონ ისავრი და კოსტანტინე სკორიანი, ლეონ სომეხი და ყოველნი მტერნი წმიდათა ხატთანი შეჩუენებულმცა არიან. ანასტასი და კოსტანტინე და ნიკიტა, რომელთა წვალებით დაიპყრეს საყდარი კოსტანტინეპოლისაჲ და წინამძღუარ წვალებისა იქმნნეს და წარწყმედისა, შეჩუენებულმცა არიან.

წმიდამან სამებამან სამნივე იგი მოსპნა ეკლესიისაგან: თეოდოტე, ანტონი და იოვანე მწვალებელნი და პავლე ისავრი და თეოდორე, რომელსა ერქუა პასტი, და სტეფანე მოლიტი და თეოდორე მექრთილე და ლალოდი ბილწი და მათ თანა ყოველნი მოყუასნი მათნი და წვალებისა თანა-შემწენი შეჩუენებულმცა არიან.

ყოველნივემცა მწვალებელნი შეჩუენებულმც არიან.

კრებაჲ იგი, რომელ აღიძრა წმიდათა ხატთა ზედა და განგმო თაყუანისცემაჲ ხატთაჲ, შეჩუენებულ იყავნ.

რომელნი მოიღებენ სიტყუათა წერილთასა, რომელ თქუეს კერპთათჳს წმიდათა ხატთა ზედა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისათა და წმიდათა მისთასა, შეჩუენებულმცა არიან და წყეულ.

რომელნი ეზიარებიან ნეფსით და მეცნიერებით შეურაცხისმყოფელთა და მეგობართა წმიდათა ხატთასა, შეჩუენებულმცა არიან. რომელნი იტყჳან, თუ ღმრთად ჰყვანან ქრისტეანთა ხატნი, შეჩუენებულ არიან. ღმრთად აღვიარებთ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, ხოლო წმიდასა ხატსა მისსა პატივ-ვსცემთ და თაყუანის-ვსცემთ, ვითარცა ხატსა ქრისტესსა და სახესა მისისა მის ჩუენ თანა ქცევისასა.

რომელნი იტყჳან, თუ სხუამან ვინმე გჳჴსნნა ჩუენ კერპთმსახურებისაგან, თჳნიერ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა და ამას საქმესა სხუასა ვის მიაჩემებენ, შეჩუენებულმცა არიან.

რომელნი იტყჳან, თუ კათოლიკე ეკლესიამან კერპნი შეიწყნარნა, ესევითარნი-იგი შეურაცხისმყოფელნი არიან ქრისტეანთა სარწმუნოებისანი, რამეთუ წმიდათა ხატთათჳს იტყჳან გმობასა, კრულნი არიან და შეჩუენებულნი.

ლოცვა ყავთ გლახაკისა ეფთჳმესთჳს წმიდანო ღმრთისანო, ამენ.