ქრონიკა


1996



1996 წლიდან პატრიარქი სახელმწიფოსგან ანჩისხატის ხელითუქმნელ ხატს მოითხოვს, რაც მორწმუნეთა დიდი ხნის სურვილი იყო

მის აღმატებულებას,
საქართველოს პრეზიდენტს,
ბატონ ედუარდ-გიორგი შევარდნაძეს
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!



კარგად მოგეხსენებათ, თუ რამდენად აუცილებელია დღეს ჩვენს ხალხში რწმენის, სულიერებისა და ზნეობის ამაღლება, სწორედ ამ საწყისებზე უნდა გამთლიანდეს ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა.

ერთ-ერთი უდიდესი სიწმიდე, რომელსაც წარსულში განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა ქართველ ხალხზე, არის ამჟამად თბილისის ხელოვნების მუზეუმში დაცული "ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი" მაცხოვრისა თავისი კარედით.

ძველი წყაროებიდან და გადმოცემებიდან ცნობილია, რომ იგია ის საყოველთაოდ ცნობილი ხელთუქმნელი ხატი, რომელიც იესო ქრისტემ სახეზე მიდებით გამოსახა ტილოს ნაჭერზე და გაუგზავნა ედესის მეფე ავგაროზს.

ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მადლის მომნიჭებელი სიწმიდე, ამიტომაც მის წინაშე მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ლოცვა. ჩვენთან შემოდის მორწმუნეთა მრავალი თხოვნა, სადაც ისინი გამოთქვამენ დიდ სურვილს მისი ტაძარში გადასვენების თაობაზე.

გთხოვთ, თუ შესაძლებელია, გასცეთ ბრძანება "ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატის" საპატრიარქოსთვის გადმოცემის შესახებ. იგი, წმ. ნინოს ჯვართან და სხვა სიწმიდეებთან ერთად, სათანადოდ იქნება დაცული ტაძარში და მის წინაშე აღევლინება ლოცვები ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ამ ხატის მადლმა.
უღრმესი პატივისცემით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II






უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II სიტყვა ანჩისხატობას

ანჩისხატი - მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, კაცობრიობისათვის უდიდეს სიწმინდესა და მადლს წარმოადგენს. განსაკუთრებით იგი ძვირფასია ქართველი ერისა და ჩვენი ეკლესიისთვის, რადგან საუკუნეების მანძილზე ანჩისხატი თავისი მადლით იცავდა და იფარავდა სრულიად საქართველოს.

უფალმა მრავალი მადლი მოანიჭა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ დიდი მადლი დიდ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. მას უნდა გაუფრთხილდეს მთელი ერი და ყოველი ადამიანი.

ანჩისხატი, ისევე როგორც მრავალი სხვა სიწმინდე, არ არის მარტოოდენ მატერიალური ნივთი. იგია უდიდესი მადლი და უფლის ლოცვა-კურთხევა. ადამიანი მას სუფთა გულითა და გონებით უნდა მიეახლოს. საქართველოში ყოველ ადამიანში უნდა მოხდეს სულიერი ფერისცვალება;

შევთხოვთ უფალს, რომ იგი იყოს ჩვენი მფარველი სრულქმნის ურთულეს გზაზე. ქართველმა ერმა სულიერად უნდა გაიაროს ის უდაბნო, რომელიც ისრაელმა ეგვიპტიდან აღთქმულ მიწამდე განვლო. თქვენ გახსოვთ, რამდენი განსაცდელი შეხვდა ისრაელს, მაგრამ მოსე წინასწარმეტყველი არ შეუშინდა დაბრკოლებებს და ებრაელი ერი აღთქმულ ქვეყანაში შეიყვანა.

მადლი და კურთხევა ხელთუქმნელი ხატისა გფარავდეთ თქვენ, სრულიად საქართველოს და ჩვენს წმიდა ეკლესიას, ამინ.


საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორს, ბატონ ნოდარ ლომოურს

ბატონო ნოდარ, მოგეხსენებათ, თქვენს მუზეუმში არის დაცული "ხელთუქმნელი ხატი" - პირი ღვთისა, რომელიც უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. მართალია, მას სამუზეუმო დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც უძველეს ხატს, მაგრამ შეუდარებლად დიდია მისი სულიერი ძალა. ის, რომ მისი კარედი (შიდა ნაწილი) ბექა ოპიზარის მიერ არის მოჭედილი, და რომ შემდეგაც ჩვენს წინაპრებს მზრუნველობა არ დაუკლიათ მისი გამშვენებისათვის, განპირობებული იყო იმით, რომ პატივს მიაგებდნენ იმ საოცარ მადლს, რაც ამ ხატიდან მომდინარეობდა.

ღვთის დიდი წყალობაა, რომ დღემდე საქართველოში ინახება ეს სიწმინდე, მაგრამ ხატი, რომლის წინაშეც არ ლოცულობენ, სიცოცხლეს და ძალას კარგავს. სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე ათეული წელია მას წირვა-ლოცვის მადლი არ მოჰფენია...

დღეს, როდესაც უჭირს საქართველოს როგორც სულიერად, ისე მატერიალურად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასეთ სიწმინდეებს. არ შეიძლება ისინი უსიცოცხლო იყოს. ეს კარგად ესმით რუსეთში. ამიტომაც არის, რომ აქტიურად უბრუნდება ეკლესიას ცნობილი ხატები და ნივთები. ჩვენც მოგმართავთ თხოვნით (რაც მორწმუნეთა დიდი ხნის სურვილი და მოთხოვნაა), რომ ხელთუქმნელი ხატი გადმოსვენებულ იქნას ტაძარში, სადაც თქვენი სპეციალისტების რჩევის გათვალისწინებით, მას შევუქმნით შესაბამის პირობებს დაცვისა და მოვლისათვის.

ვიცით, რომ თქვენ, როგორც ჭეშმარიტ მამულიშვილს, გული ფრიად შეგტკივათ სამშობლოსათვის და იმედია, ხელს შეუწყობთ ჩვენი ქვეყნის სულიერი აღორძინებისთვის ზრუნვას, რაც, ამავე დროს, არის საფუძველი ხალხის კეთილდღეობისა.

შევთხოვთ უფალს, მოგანიჭოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ყოველ კეთილ საქმესა შინა წარმატება საცხოვნებელად თქვენდა და წარსამართებლად ერისა ჩვენისა, ამინ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II




1999



ქართველმა ახალგაზრდებმა თავიანთი სიწმინდეები მტკიცედ დაიცვეს! შევარდნაძეს არ აღელვებს ახალგაზრდების ბედი.



ეროვნული საგანძურის გადასარჩენად სტუდენტთა მიერ ორგანიზებული საპროტესტო შიმშილობის აქციის ბარბაროსული დარბევისა და დედაენის ძეგლთან მათი განდევნის შემდეგ ახალგაზრდები კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის თანხმობით, სიონის საკათედრო ტაძარში გადავიდნენ და კვლავ აგრძელებენ აქციას. მათ კიდევ მრავალი ახალგაზრდა შეუერთდა. 31 მაისისა და 6 ივნისის აქციების დარბევის შემდეგ საავადმყოფოებში მოხვედრილ დაზარალებულ, ნაცემ-ნაბეგვ სტუდენტებს ჯერ კიდევ არ მოუშუშებიათ იარები...

მშვიდობიანი შიმშილობის საპროტესტო აქცია დარბეულ იქნა დედაენის ძეგლთან. პოლიციამ დახია და დაწვა ეროვნული დროშა, ღვთისმშობლის ხატი, ანჩისხატი, წმინდა გიორგის ხატი, თამარ მეფის ხატი, ივერიის ღვთისმშობლის ხატი, ფეხით გათელეს და სანაგვეზე დაყარეს წმინდა სანთლები.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მომხდარი ფაქტების შეფასებისგან თავი შეიკავა...

ეროვნული საგანძურის გადასარჩენად მებრძოლი სტუდენტების საორგანიზაციო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ 1999 წლის 21 ივნისს, დღის 12 სთ-ზე, თბილისში, სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში, შედგება მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ეროვნული საგანძურის საქართველოში დატოვების მოთხოვნით და მოუწოდებენ სრულიად საქართველოს მოსახლეობას, მონაწილეობა მიიღოს მშვიდობიან მსვლელობაში.

ეს აქცია აკურთხა რუის-ურბნისის მთავარეპისკოპოსმა იობმა და გვითხრა, რომ თუ გულწრფელად დავიცავთ, მიზანს მივაღწევდით.
გაზ. ,,ახალი თაობა", 19-24 ივნისი, 1999წ. ქართველმა ერმა, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე რთული ვითარებისა, მართლაც გულწრფელად დაიცვა წინაპრებისგან დღევანდლამდე ტანჯვით მოტანილი სიწმინდეები. შევარდნაძე-გუროვის ხელით მკრეხელური მცდელობა საქართველოდან საზღვარგარეთ სიწმინდეების გატანისა, უფლის შეწევნით არ განხორციელდა.




2001

მერამდენე წელია მრევლი მთავრობისგან ანჩისხატის დაბრუნებასა და სიწმინდეებისათვის ეკლესიური პატივის აღდგენას მოითხოვს




2003

მთავრობა, რომელიც ერს განსაცდელში მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს არ უბრუნებს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაუბრუნებს?!!" "ჯორჯიან თაიმსი", 28.08.2003.



,,ვერა ვერ ჰმართონ ვერსად ერი იმა მმართველთა, ვისაც არ აქვთ ერის სიყვარული და შეწყნარება". წმ. ილია მართალი

ე. შევარდნაძის მთავრობამ ქართველ ერს ძნელბედობის ჟამს ანჩისხატი არ დაუბრუნა!


2003-2004 წ.



მრევლი ახალ მთავრობას მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტს
ბ-ნ მიხეილ სააკაშვილს

უპირველესად, გილოცავთ გიორგობის დღეს ქართველ ერთან ერთად მოპოვებულ მშვიდობიან გამარჯვებას და გისურვებთ ჩვენი მამულისა და სარწმუნოების გაძლიერებისათვის ნაყოფიერ მოღვაწეობას.

მოგახსენებთ უდიდესი სიწმინდის - ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატის დაბრუნებასთან დაკავშირებით მისი სახელით შეკრებილნი და ქვემორე ხელისმომწერნი (ხელმოწერები დღესაც გრძელდება...), რომ ქართველმა მორწმუნე ერმა წლევანდელ ანჩისხატობასაც მივმართეთ ყოფილ პრეზიდენტს (კულტურის მინისტრსა და სახელმწიფო მუზეუმის დირექციას)... მაგრამ ამაოდ.

ერთმანეთის გადაბრალების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ ხნის მანძილზე ათიათასობით ხელმომწერს თურმე შეგნებულად გვატყუებდნენ, მრევლმა კი მთელი პასუხისმგებლობით დაიწყო ტაძარში ხატის დაცვის თანამედროვე სისტემით აღჭურვაზე ზრუნვა, თანდართულ პროექტში ხატის უსაფრთხოებისათვის უკეთესი პირობებია გათვალისწინებული, ვიდრე პრაქტიკულად დღევანდელ მუზეუმში არსებობს. საბოლოოდ, ჩიხში აღმოჩნდნენ. იმედი გვაქვს, რომ ტექსტი, რომელსაც ათიათასობით ადამიანი ვაწერთ ხელს, ამჯერად იმ მისამართზეა, ვისაც ამ მამულიშვილური საქმის გადაწყვეტა შეუძლია.

მართლმადიდებლობის ზეიმი, რომელიც დიდი მარხვის პირველ კვირიაკეს აღინიშნება, ქრისტიანთათვის უდიდესი დღესასწაულია და იგი სწორედ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თაყვანისცემით იწყება. ამ დღით ჩვენი ეკლესია ხატმებრძოლობაზე გამარჯვებას ზეიმობს. დღეს, სამწუხაროდ, მართლმადიდებლობა ამ უდიდესი სიწმიდის გარეშეა დარჩენილი, არადა სწორედ დღეს სჭირდება ჩვენს მამულსა და სარწმუნოებას თავისი მცველი - ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი, როგორც არასდროს. მით უმეტეს, რომ ანჩისხატის უძველეს პარაკლისში წმიდა მამები, მისი უპატიოდ ყოფნის შემთხვევაში მკაცრად გვაფრთხილებენ. ეს შეჩვენება დღეს მთელ ერზეა გადასული. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე: "სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად სცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს". (მუხლი 8-1). ამ სიტყვების დასადასტურებლად ეკლესიისა და ერის ხელმომწერთა მოთხოვნას, ანჩისხატის დაბრუნების თაობაზე, თქვენი ხელმოწერა - როგორც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისა აუცილებლად სჭირდება.

გთხოვთ შემოგვიერთდეთ და გაიზიაროთ ჩვენი გულისტკივილი.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ, მისმა საჭეთმპყრობელმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II (ჯერ კიდევ 1996წ.) ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზ რევაზ ტომარაძემ, ქვემოთ ხელმომწერმა უამრავმა საეკლესიო პირმა და მორწმუნე ქართველმა ერმა არაერთხელ მოითხოვა კომუნისტების დროს მითვისებული და ამჟამად მუზეუმში დატყვევებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის - ანჩისხატის თავის კანონიერ საბრძანებელში ეკლესიაში დაბრუნება და სიწმინდეებისათვის ეკლესიური პატივის აღდგენა.

2003 წელს, ანჩისხატობას, გადავწყვიტეთ, ეს საკითხი სამსჯავროზე გამოგვეტანა, მივმართეთ სრულიად საქართველოს, მართლმადიდებელ ერს, თვით ანჩისხატს შევთხოვეთ, რომ ივერიაში უფლის სიმართლემ ფარისეველთა ამაო სიცრუეს საბოლოოდ სძლიოს.

მოგეხსენებათ, წინაპართა ლოცვით აღვლენილ წმიდა საქმეებს მოკრძალება სჭირდება. დომენტი კათალიკოსმა ანჩისხატი ქვემო ჭალიდან ლიტანიობით მცხეთის (სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის) გავლით თბილისს ჩამოაბრძანა, იქ, სადაც უფლისაგან მინიშნებული ჰქონდა, დიახ, სწორედაც ანჩისხატის ტაძარში, რათა მცხეთის უძველესი ტაძრიდან უფლის კვართს, ხოლო თბილისის უძველესი ტაძრიდან - ტილოზე გადასული უფლის ხელთუქმნელი ხატის მადლს დაეფარა სრულიად საქართველო.

ერთი სამშობლო გვაქვს და ქრისტიანულად შეგახსენებთ, რომ ანჩისხატს ისტორიულად სწორედ ძნელბედობის ჟამს უხმობდნენ ქვეყნის გადასარჩენად.

"ნეტარ არს ერი იგი, რომელმაც იცის გალობაი და დიდებაი და შესხმაი შენი, ხატო, არსთა ხსნად განკაცებულისა ძისა ღმრთისაო, მეოხო მარადის მოსავთა შენთაო" (იოანე ანჩელი, "გალობანი ანჩისხატისანი").

სადაც ორი და სამი კაცი, მეტადრე ერი, ითხოვს ქრისტეს ხატს მისივ სახელით, იქ ხომ თვით უფალი ისმენს. უფალს შევევედრეთ, მის ხატს ვსასოებთ, და მისივე შეწევნით კურთხევას ბოლომდე მივყვებით, ბრძოლის ველიდან გაქცეულ კაცს ხომ კარგი სახელი არ ჰქვია.

მორწმუნე ერი ამჯერად თქვენ – ახალ მთავრობას

მოგმართავთ:

მუზეუმში უპატიოდ მყოფი პირი ღვთის ხატი - ანჩისხატი მის ერთადერთ პატრონს, დედა ეკლესიას დაუბრუნოთ და ოდითგანვე ქრისტიანულ სახელმწიფოში სიწმინდეებს (ტერიტორიული დროებითი მდებარეობის მიუხედავად) ეკლესიური პატივი აღვუდგინოთ.

1. ქრისტიანთა ხატთა დასაბამს - ანჩისხატს - აქვს თავისივე სახელდებული, უძველესი ტაძარი - ანჩისხატი; უამრავ ხელმომწერთა თხოვნით, მომზადდა ამ ტაძარში ხატის დასაბრძანებელი სახატის პროექტი ყველანაირი დაცვის პირობის გათვალისწინებით (ტემპერატურული რეჟიმი, ტყვიაგაუმტარი მინა...). ამ ზემოთ აღნიშნული პროექტის დაფინანსებას ათასობით ხელმომწერი საკუთარ თავზე ვიღებთ. ეს ერის ხატია და სჯობს ხალხმა მიიღოს მონაწილეობა პროექტის განხორციელებაში. სახელმწიფოსგან კი ვითხოვთ ცოცხალი დაცვით უზრუნველყოფას (ასეთ ძველ ისტორიულ ძეგლებს სახელმწიფოსგან დაცვა ალბათ ისედაც სჭირდებათ.)

2. ვინაიდან სახელმწიფომ ზემოთ აღნიშნული კანონის მიხედვით (მუხლი 8) მუზეუმშივე სცნო სიწმიდეები ეკლესიის ქონებად, ვითხოვთ, ყველაფერს თავისი სახელი აღუდგეს და ეკლესიის კუთვნილ ყოფილ სასულიერო სემინარიაში (დღევანდელ ხელოვნების მუზეუმში) მყოფი სიწმიდეები გადავიდეს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში. დაგვერწმუნეთ, რომ სიწმინდეებს მასზე მლოცველი და თაყვანისმცემელი უკეთესად მოუვლის. მლოცველებისთვისაც და დამთვალიერებლებისთვისაც უკეთესი პირობები შეიქმნება, მით უმეტეს, ხატებზე მლოცველი დღეს უფრო მეტია, ვიდრე დამთვალიერებელი.

ამის აღსრულება ერისთვის ჭეშმარიტი ზეიმი იქნება, უფლისთვის კი გიორგობის დღეს მოპოვებული გამარჯვების სამადლობელი.

პასუხს მოუთმენლად ველით

P.S. ტექსტს თან ერთვის ხელმოწერები, საგაზეთო პუბლიკაციები და ტაძარში ხატის დასაბრძანებელი სახატე პროექტი.

ათი ათასობით ხელმომწერთა სია სახელმწიფო კანცელარიაშია ჩაბარებული. 24.12.2003წ.

ამ პერიოდისთვის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექციამ გაურკვეველი მიზეზების გამო საცავი დაკეტა... სტუდენტები, მრევლთან ერთად, ვითხოვთ, ლოცვის გამო დაკეტილი მუზეუმი სასწრაფოდ გაიხსნას!




ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს!

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმება

"სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში მყოფ საეკლესიო საგანძურს." (მუხლი 8-1)



მართლმადიდებლობის ზეიმზე მოძღვარი და მრევლი სახელმწიფო მუზეუმიდან გამორეკეს. მამა მიქაელმა პარაკლისი ქუჩაში გადაიხადა

მრევლი ცოცხალ ხატებს არ ტოვებს და ოთხშაბათს და კვირას მუზეუმის წინ ლოცულობს

"ყოველსა, რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ გრწმენინ, რამეთუ მოიღოთ და გეყოს თქუენ" (მარკ. 11, 24)

"ხოლო გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროYს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა" (მათე; 5. 20).

ასე პრინციპული მიზეზი ანჩისხატის არდაბრუნებისა რა უნდა იყოს?! მორწმუნე მრევლი ანჩისხატისათვის სახატის პროექტს ადგენს

მაცხოვრის ხელთუქმნელი ანჩისხატი 1996 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოითხოვა, მას შემდგომ მორწმუნე მრევლი უკვე რამდენიმე წელია, რაც ხატის ეკლესიისათვის დაბრუნებას ითხოვს, მაგრამ ამ მოთხოვნას მუზეუმის დირექციის მხრიდან დიდი წინააღმდეგობა ხვდება. წლების განმავლობაში, ყოველ ანჩისხატობას, არა ერთი შინაარსის მიმართვა წარუდგინეს მთავრობას, მაგრამ ყოველი ცდა ამაო გამოდგა. წელს ანჩისხატის დაბრუნებას უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდენენ, მაგრამ... მუზეუმი თავის პოზიციებს არ თმობს. ,,ნებისმიერი ხატი, თუ ის ოდნავ ღირებულია, როგორც ეროვნული საგანძური, ეკლესიაში არ უნდა იყოს გატანილი, რადგან ის სანთლით ზიანდება. თუ ხატი არის ეროვნული ხელოვნების ნიმუში, ის ეკლესიიდან უნდა გამოიტანონ. აი, ასე უყურებს მუზეუმის ადმინისტრაცია ხატებს. ისინი მათთვის ხელოვნების ნიმუშებია, ჩვენთვის კი უდიდესი სიწმინდეები,"- ამბობს მორწმუნე მრევლი. მრევლი, სათანადო დაცვის გათვალისწინებით, ანჩისხატის ტაძარში სახატის პროექტს ადგენს. ამ პროექტის მიხედვით, ანჩისხატის კარედის სახატე უნდა მოეწყოს ანჩისხატის სამხრეთ-აღმოსავლეთ სვეტთან, სახით დასავლეთისაკენ. პროექტში გათვალისწინებულია ტემპერატურული რეჟიმის დაცვისა და სხვა უსაფრთხოების მომენტები.

2001 წლიდან კი მრევლმა მუზეუმში ლოცვის უფლება მოიპოვა, სათანადო ანაზღაურებითა და შეზღუდული დროით. წმიდა ხატების წინ მღვდლებმა, მორწმუნე მრევლთან ერთად, არა ერთი პარაკლისი ჩაატარეს. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, ოფიციალურად მიცემული პირობა დაირღვა, დიდი მარხვის პირველ კვირას - მართლმადიდებლობის ზეიმზე, ეკლესია ხატთა თაყვანისცემასა და ხატმებრძოლობაზე გამარჯვებას ზეიმობს. ვაკის სამების ტაძრის მოძღვარი მამა მიქაელი სწორედ ამ დღით არ შეუშვეს წმიდა ხატებთან სალოცავად, რის შემდეგაც იძულებულმა, პარაკლისი გარეთ გადაიხადა სიწმიდეების პატივსაცემად. მას შემდგომ მრევლი ლოცვას მუზეუმის წინ განაგრძობს. ,,მუზეუმის კართან იმიტომ ვლოცულობთ, რომ შიგნით შესვლის საშუალება აღარა გვაქვს და ამით იქ დაცული სიწმიდეების მიმართ პატივისცემას გამოვხატავთ", - აღნიშნავენ ყოველ კვირადღეს, წირვის შემდგომ, სხვადასხვა ტაძრიდან მუზეუმთან შეკრებილი მომლოცველნი.

მოძღვრებისა და ათიათასობით ხელმომწერთა მოთხოვნაა, ანჩისხატი თავის სახელობის ტაძარს დაუბრუნდეს, სადაც წლების განმავლობაში იყო დაბრძანებული. მათ მიერ შედგენილი პროექტის მიხედვით კი, ხატის დაცვისათვის სათანადო პირობები იქნება შექმნილი. პროექტის განხორციელებას მრევლი საკუთარ თავზე იღებს, სახელმწიფოსაგან კი ცოცხალი დაცვით უზრუნველყოფას ითხოვს. ასე პრინციპული მიზეზი ანჩისხატის არდაბრუნებისა მაშ რაღა უნდა იყოს?! ამ საკითხზე რატომღაც ყველა დუმს.

ნინო ლაშხი
,,ქართული უნივერსიტეტი," 30 ივლისი


2004

31 აგვისტო, 2004

ანჩისხატის სახატის პროექტი წარედგინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ხელისუფლებას.

მორწმუნე ერმა ხელმოწერით დაადასტურა რომ, მზად არის მონაწილეობა მიიღოს პროექტის განხორციელებაში. მათი სულიერი მოთხოვნაა, ჩვენი მამულისა და სარწმუნოების უდიდესი მცველი - ანჩისხატი, თავის საყდარს დაუბრუნონ.

შ ე მ ო გ ვ ი ე რ თ დ ი თ !

ანჩისხატი ერმა ლიტანიობით იმ ტაძარში უნდა დააბრუნოს, სადაც იგი ბოლოს იყო დაბრძანებული



"როცა ერი მუზეუმიდან ანჩისხატს დაიბრუნებს,
აწყურის ღვთისმშობლის ხატი გამოჩნდება და
ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჩამობრძანდება,
მაშინ გაბრწყინდება საქართველო"

გაბრიელ ბერი

მამა გაბრიელის სულიერ შვილს, დედა პარასკევას, რომელიც თავისი საყვარელი მოძღვრის საფლავს დღესაც ერთგულად უვლის, ვთხოვეთ, განემარტა მამა გაბრიელის ის სიტყვები, რომელიც ანჩისხატის დაბრუნებას ეხებოდა: მამა გაბრიელი ამბობდა, რომ ჩვენ ბოლო ჟამის ადამიანები ვართ და გადაგვარჩენს მხოლოდ ღვთისა და მოყვასის სიყვარულიო. ღვთის სიყვარული გამოიხატება სულიერ ცხოვრებაში, ხოლო მოყვასის სიყვარული სიკეთის კეთებაში. მამა გაბრიელი ანჩისხატის დაბრუნებას და ივერიის ღვთისმშობლის ჩამობრძანებას ბოლო ჟამს უკავშირებდა და ამბობდა: - თუ არა ამ ორი უდიდესი სიწმინდის მობრძანება, საქართველო რამ უნდა გადაარჩინოს, ივერია როგორღა უნდა გაბრწყინდესო. მამა გაბრიელის ნათქვამში სიტყვა - ,,დაბრუნება" თვითონვე მიგვანიშნებს, რომ ანჩისხატი იმ ტაძარში უნდა დაბრძანდეს, საიდანაც იგი ბოლოს გამოაბრძანეს. უწინდებურად, ანჩისხატობა ქართველმა ერმა ამ ხატთან ერთად თავის სახელობის ტაძარში რომ უნდა იდღესასწაულოს - მარტივი ჭეშმარიტებაა. ჩვენ უამრავი ეკლესია სწორედ იმიტომ გვაქვს, რომ იქ ხატები ბრძანდებოდეს და იქ ვლოცულობდეთ. ხალხის დასაბნევად უცხო სწავლებებს იგონებენ, ისე რომ ყოფილიყო საჭირო, როგორც მათ უნდათ, მაცხოვარი მუზეუმებს დააარსებდა და იქ ლოცვას გვიქადაგებდა. ხატის სახლი ეკლესიაა, ის ცოცხალი არსებაა და მისი დატყვევება ყოვლად დაუშვებელია. ჩვენმა ერმა უნდა გაითავისოს, რამხელა სიწმინდეების პატრონია და მისი შეურაცხყოფის უფლება არავის მისცეს. ლოცვის მადლით უნდა გავერთიანდეთ, გავძლიერდეთ და ეს უდიდესი ხატი ლიტანიობით გადავაბრძანოთ ანჩისხატის ტაძარში. ჩვენი გადარჩენა უფლის ხატისა და სიწმინდეების პატივის აღდგენით უნდა დაიწყოს, მამა გაბრიელის სიტყვებიც ამის დასტურია: "სანამ ერი მუზეუმიდან ანჩის ხატს არ დაიბრუნებს, აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება, ივერია არ გაბრწყინდება."





სრულიად საქართველოს საზოგადოებებსა და ორგანიზაციებს. გთხოვთ, თქვენი მხარდაჭერა გამოხატოთ ამ ღვთისთვის სათნო საქმეში!

"ნეტარ არიან მოსავნი და მადიდებელნი შენნი და თაყუანისმცემელნი, მაცხოვრისა ხატო საშინელო"

აქ, ანჩისხატის ტაძარში - ბაგრატოვანნი იღებდნენ ნათელს წმინდა ემბაზთა შინა და იდუმალ ავედრებდნენ სრულიად საქართველოს იესუ ქრისტეს. პატრონნი საქართველოსნი წმიდასა ამას ტაძარსა შინა მუხლმოყრით ევედრებოდნენ არსთა გამრიგეს სულთა მათთა ცხონებას.

წინაპართა სულები ამ უძველეს ეკლესიაში დღესაც დავანებულან. მათი ,,კვეთებული ევლოგია" დღესაც კვებავს შთამომავალთ და იმედს იძლევა ანჩისხატის ეკლესიისა და ბაგრატოვანთა დიდებითა და ქრისტესმიერი ძლევამოსილებით აღდგინებისა.

ბაგრატოვანთა სახლის წინამძღოლი
ნინო ბაგრატიონი



2010

16 მაისი, კვირა, 2010

საქართველოში მართლმადიდებლების უფლებები დღითი-დღე ილახება

13.30 სთ. პრესკონფერენცია – ,,სიწმიდეები გვიხმობენ”
14.30 სთ. მსვლელობა მუზეუმიდან მამა გაბრიელის სახლში


,,სანამ ერი მუზეუმიდან ანჩისხატს არ დაიბრუნებს, აწყურის ღმრთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღმრთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება, როგორღა გაბრწყინდება საქართველო”.

ბერი გაბრიელი


16 მაისს 13:30 სთ-ზე ეროვნული მუზეუმის წინ ჩატარდება პრესკონფერენცია - “ვინ ეწინააღმდეგება ანჩისხატის ტაძარში ხატის ჩასაბრძანებელი კიოტის გაკეთებას და ანჩისხატის დედნის თავისსავე სახელობის ტაძარში დაბრუნებას?!” მთავრობას კვლავაც გადაეცემა უამრავ სასულიერო პირის და მოქალაქის ხელმოწერები ანჩისხატის ტაძარში სახატე-კიოტის პროექტის დროულად გაკეთებასთან დაკავშირებით, სადაც ყველანაირი დაცვის პირობებია გათვალისწინებული. იქნება გაკეთებული განცხადება წლების მანძილზე მუზეუმის წინ მომლოცველ ადამიანების უფლებების შელახვის შესახებ, აგრეთვე ილიას უნივერსიტეტში ჩატარებული ანტიმართლმადიდებლური პრეზენტაციის შესახებ.

პრესკონფერენციის შემდეგ 14.30 სთ-ზე სალიტანიო ანჩისხატი მუზეუმიდან ლოცვითი სვლით წაბრძანდება მამა გაბრიელის სახლში – მისსავე აშენებულ სამლოცველოში, თეთრიწყაროს ქ.11 (ყოფილ 5 დეკემბრის ქუჩასთან - წმიდა ბარბარეს ტაძართან) სადაც აღევლინება სავედრებელი ლოცვა ანჩისხატის დაბრუნებისა და საქართველოს გადარჩენისათვის.

2008 წლის 29 აგვისტოდან ეროვნული მუზეუმის (ყოფილი სასულიერო სემინარიის) წინ ულოცველად მყოფი სიწმიდეების წინაშე მუდმივად აღევლინება სადღეღამისო ლოცვა. სალიტანიო ანჩისხატი იერუსალიმის, კონსტანტინოპოლის და კიევის მოლოცვების შემდეგ Mმუზეუმის წინ არის დაბრძანებული, იგი სასულიერო პირთა ლოცვა-კურთხევითა და უშუალო მონაწილეობით კვლავაც განაგრძობს მართლმადიდებლური ეკლესიების მოლოცვას. მუზეუმთან სალიტანიო ანჩისხატი მოილოცა და მომლოცველები დალოცა მისმა უწმიდესობამ ილია მეორემ.

სულიერი მოძრაობა საქადაგო მოწოდებით ,,სიწმიდეები გვიხმობენ”. ანჩისხატისა და სიწმიდეების მომლოცველთა კრებულის ხელმძღვანელი: ზაზა ნანობაშვილი


მობ: 855 39 99 23
858 59 34 50





ტროპარი

უხრწნელსა ხატსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქველისმოქმედ, და ვითხოვთ შენდობასა ცოდუათა ჩუენთასა, ქრისტე - ღმერთო, განზრახთ სათნო იყავ აღსლვა ხორცითა ჯუარსა ზედა, რათა, იხსნენ, რომელნი შეჰქმენ, მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღგუავსენ ყოველნი, ვითარ მაცხოვარმან ჩუენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.

კონდაკი

გამოუთქმელსა შენსა ღუთაებასა და კაცთა მომართსა განგებულებასა, გარეშემოუწერელო სიტყუაო მამისაო, ხატსა გამოუწერელსა და ღუთივ გამოხატულსა განხორციელებისა შენისასა საძლეველად შეუორგულებელად ვიცნობთ ჩუენ და პატივს ვსცემთ მას და ამბორს უყოფთ.



დავდგეთ სიწმიდეების სადარაჯოზე!

მ ა რ თ ლ მ ა დ ი დ ე ბ ე ლ ნ ო

მუზეუმში მყოფ უდიდეს სიწმიდეებს აღვუდგინოთ ეკლესიური პატივი და დავიცვათ შეურაცხყოფისაგან. ხატის თაყვანისმცემელი თაყვანს სცემს მასზე გამოსახულის არსებას.

ყოველ ოთხშაბათს და კვირა დღეს 2 სთ-ზე თავისუფლების მოედანთან მდებარე ხელოვნების მუზეუმის წინ სასულიერო პირთა კურთხევითა და მონაწილეობით სხვადასხვა ტაძრების მომლოცველთა მიერ ტარდება ერთობლივი ლოცვა ანჩისხატისა და სიწმიდეების ეკლესიაში დაბრუნებისა და ამ მძიმე ჟამს საქართვე-ლოს გადარჩენისათვის.

ცოცხალი ხატები ოდითგანვე ლოცვისთვის შეიქმნა და ჩვენც ქრისტიანული თანადგომით შევეწიოთ ამ ღვთისთვის სათნო საქმეს, რათა ერთობლივი ლოცვის ძალით სიწმიდეების უდიდესი მადლი კვლავაც ფარავდეს ჩვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს!

უფლის სადიდებლად შემოგვიერთდით!