|
|||||||
|
|
მღვდელ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ღვთისა და ერის წინაშე. იგი მოღვაწეობდა XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის I ნახევარში. მაცხოვრის ხელითუქმნელი ანჩიდგან მოსვენებული პირი ღვთის ხატი არის უდიდესი სიწმიდე მთელის ქრისტიანობისა. თავგადასავალი ამა ხატისა მეტად შესანიშნავია და სასიამოვნო მოსასმენი ყოველი ქრისტიანისათვის. იესო ქრისტეს ქვეყნად ცხოვრების დროს, როდესაც მის მიერ ქმნილნი სასწაულნი ელვასავით ეფინებოდნენ მთელს დასავლეთ აზიას, საქართველოს მოსამზღვარე ქ. ედესიის მთავარი ავგაროზი მძიმე ავადმყოფი იყო; ყველა გამოჩენილმა მკურნალებმა ხელი აიღეს მის მორჩენაზედ. მაშინ ავგაროზმა დაწერა წერილი და მოსამსახურეს გაატანა იესო ქრისტესთან, სწერდა თავის უკურნებელს სნეულებასა და ეხვეწებოდა: - მოდი, მომარჩინე ამ სნეულებისაგან და ყოველსავე შენს ნებას ავასრულებო; გავიგე, რომ ურიები გემტერებიან, გდევნიან და გირჩევ, ჩემთან მოხვიდე, ჩემს სამეფოში უფრო მოსვენებით გაცხოვრებო. იესო ქრისტემ მოსწერა ლოცვა-კურთხევის წერილი, მოსვლა ვერ შემიძლიან, რადგან ჩემი დიდი საქმე ჯერ არ შემისრულებიაო. მოსამსახურისაგან გაიგო ავგაროზმა, რომ იესო ქრისტეს მეტად ემტერებოდნენ ურიები და მოკვლას ემუქრებოდნენ. სნეული ავგაროზი რაღაც დიადს სიამოვნებასა გრძნობდა, როცა იესო ქრისტეზე ფიქრობდა და ლაპარაკობდა, სნეულება მაშინ ჩვეულებრივ თითქოს არ აწუხებდა. ამიტომ გაგზავნა თავის საკუთარი ხელოვანი მხატვარი იერუსალიმში, რათა იესო ქრისტე დაეხატა და მოეტანა მისი სახე; ბევრს ეცადა მხატვარი, მაგრამ იესო ქრისტეს სახე ვერ გამოსახა ტილოზედ. მაშინ იესო ქრისტემ გამოართვა ტილო მხატვარსა, მიიფარა პირზედ და სასწაულებრივ გამოისახა-გამოიტვიფრა ტილოზედ მისი სახე. გახარებული მხატვარი გამოეჩქარა ავგაროზისაკენ მოციქულ თადეოზთან ერთად. გზად გამოიარეს ქალაქ იერაპოლში, რომლის განაპირად ღამე გაათიეს მეჭურჭლესთან; იმ ღამეს პირი ღვთის ხატი თიხის გამომწვარ კეცებ შუა ჩაასვენეს სიფრთხილისა გამო; შუაღამისას გამოჩნდა ციდგან ჩამოშვებული ცეცხლის სვეტი ზედ ხატზედ. მივიდა ქალაქის გამგებელი თავის მხლებლებით გასაგებად, თუ რას ნიშნავდა ცეცხლის სვეტი; როცა უამბეს სიწმიდე პირი ღვთის ხატისა, ამოასვენეს იგი კეცებიდგან და ნახეს, რომ იესო ქრისტეს სახე ზემო კეცზედ გადასახულიყო. ქალაქის გამგებელმა იგი კეცი თავისთვინ წაასვენა, ხოლო ნამდვილი პირი ღვთის ხატი გაატანა ავგაროზთან (შემდეგ VI საუკუნეში კეცის ხელითუქმნელი პირი ღვთის ხატი ესვენა ერთბუნებიანთა მწვალებელთა (ნესტორიანნი) საყდარში. წმ. მამა ანტონ ათორმეტთაგანმა ნახა იგი ხატი და შეშურდა, რომ ამისთანა დიდი სიწმიდე მწვალებელთა ხელში იყო. როცა წმ. იოანე ზედაძნელი თავისი მოწაფეებით გამოემართა საქართველოსაკენ, წმ. ანტონმა იდუმალ წამოიღო კეცი და მოასვენა საქართველოში). ედესიის ქალაქის მახლობლად, გზაზედ ერთი კუტი მთხოვარა ჭაბუკი თხოულობდა; თადეოზმა შეახო ხატი მთხოვარა კუტსა და მაშინვე განიკურნა, წამოდგა ფეხზედ და გახარებული გაეშურა დედასთან. ეს სასწაული ელვასავით მოეფინა ედესიის ქალაქსა. დაიბარა ავგაროზმა და ჰკითხა, - ვინ მოგარჩინა დაკუტებულიო? ჭაბუკმა უამბო თავისი სასწაულებრივი განკურნება. ავგაროზმა მაშინვე მიაგება სასწაულთმოქმედს ხატსა თავისი კარის მოხელენი და თვითვე სიხარულით ელოდებოდა სასურველი ხატის თაყვანისცემასა ექვსი წლის განმავლობაში ლოგინში მდებარე ავადმყოფი. აგერ, მოასვენეს ხატი. მომაკვდავი ავგაროზი სიხარულისაგან აღტაცებული სასოებით ემთხვია პირი ღვთის ხატსა და მეყვსეულად განიკურნა, ადგა ლოგინიდგან გახარებული, დაემხო პირქვე ხატის წინ და ცრემლით ჰმადლობდა ღმერთსა ესრეთის მოწყალებისათვის. მთელი ედესია ქალაქის მცხოვრებნი გაკვირვებულნი ადიდებდნენ ღმერთსა. ამის შემდეგ ავგაროზმა ირწმუნა მოძღვრება ქრისტესი და მოინათლა თადეოზისაგან კერასა წყაროში თავის ცოლ-შვილით "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა". თადეოზმა იწყო ქადაგება და მთელი ედესიის სამთავრო მოაქრისტიანა. ავგაროზმა პირი ღვთის ხატი - ტილო დააკრა ფიცარზედ და ქალაქის კარების თავზედ დაასვენა დიდის პატივით, რათა ქალაქში შემსვლელ-გამომსვლელთ ყველას თაყვანი ეცა და ედიდებინა ღმერთი. აქ ესვენა ორასი წელიწადი. ავგაროზის მემკვიდრემ დაუწყო ჟლეტა ქრისტიანებსა; ამიტომ პირი ღვთის ხატი საიდუმლოდ დაკრძალეს აგურებით ქალაქის კედელში და ამოაშენეს ედესიის ეპისკოპოსის რჩევით და წინ დიდი სანთლის კელაპტარი დაუნთეს. თითქმის ოთხასი წელიწადი დარჩა ხატი ასე დაფარული. არის გარდმოცემა, მითომ წმ. ნინო, რიფსიმე, გაიანე და სხ. მოსულიყვნენ ედესიაში პირი ღვთის ხატის თაყვანის საცემლად. 539 წ. სპარსეთის მეფე ხოსრო მოუხდა ედესიის ქალაქსა და ამ გაჭირვების დროს ედესიის ეპისკოპოზმა ნახა სიზმრად ის ადგილი, სადაც დაკრძალული იყო პირი ღვთის ხატი. მაშინ დიდის ლოცვა-ვედრებით გამოანგრიეს კედელი და გადმოასვენეს სასწაულთ მომქმედი ხატი. ამ დროს სპარსელების ბანაკში საშინელი არევ-დარევა მოხდა, აიყარნენ და გაუდგნენ თავის გზასა. ამის შემდეგ არ გასულა ასი წელიწადი, რომ ედესია მიდამოებით არაბებმა დაიპყრეს, მაგრამ ბერძნებმა განდევნეს ერთ დროს არაბები და პირი ღვთის ხატი დიდის ლიტანიობით ედესიიდგან გადაასვენეს კონსტანტინეპოლში და დაასვენეს წმიდა სოფიოს ტაძარში. VIII-IX საუკ. საბერძნეთის ზოგიერთი იმპერატორი ღვთის მოძულენი იყვნენ. ლეონ ისავროელმა და კოსტანტინე კოპრონიმომ, საბერძნეთის იმპერატორებმა, აღძრეს საშინელი დევნულება წმიდა ხატთა თაყვანისცემისა. დადიოდნენ იმპერატორის მოხელენი და სჩხრეკდნენ საყდრებსა და სახლებსა და, სადაც კი მოახელებდნენ ხატსა, ამტვრევდნენ, ჰხეჩავდნენ, სწვავდნენ ცეცხლში, ჰსცარცვა-ვდნენ სამკაულსა. ამიტომ ყველა ჰმალავდა წმიდა ხატებსა მიუდგომელ ადგილს, ზოგი ზღვაში აგდებდა ხატებსა ღვთის ინაბარად. აი, ამ დროს პირი ღვთის ხატი საიდუმლოდ გადმოასვენეს კაბადოკიის ანჩის საეპისკოპოზო ტაძარში, მდინარე ჭოროხის ხეობაში. სოფელი ანჩა მდებარეობს შავშეთსა და ლიგანის ხევს შუა ჭოროხის მარჯვენა ნაპირზედ, ქ. ტრაპიზონის მახლობლად. აქ, ქრისტიანობის პირველ დროშივე, მოციქულებმა პეტრემ და მისმა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა, დააარსეს მრავალი ეკკლესიანი. ანჩაში ქართველი ერი ყოველ წლობით იყრიდა თავს სადღესასწაულოდ, მეფეებიდგან დაწყობილი უკანასკნელ გლეხ კაცამდე. 1194 წ. თამარ დედოფალმა რომ რუს-გიორგი განდევნა სამეფოდამ და ზედ თურქები დაამარცხა, რაც კი რამ ძვირფასი ქვა და მარგალიტი დარჩა დავლად, ყველაფერი შესწირა სხვადა-სხვა ეკკლესიებსა ხატების შესამკობლად. ამ დროსვე მოახსენა ანჩის ეპისკოპოსმა იოანემ (რკნაელმა) პირი ღვთის ხატის სამკაულის დაძველება; თამარმა უბოძა საჭირო ნივთეულობა და უბრძანა ხატის საუკეთესო ხელოვნებით მოჭედა. ამ დროინდელი ხუცური ასო მთავრულით წარწერა დღესაც კარგად იკითხება ხატის დაბლა არშიაზედ: "ქ. ბრძანებითა და ნივთის ბოძებითა ღვთივ გვირგვინოსანის დიდისა დედოფალთ-დედოფლისა თამარისათა, მე, იოანე ანჩელმან რკნაელმან ხელვჰყავ საშინელისა ამის ხატის პატივითა მოჭედად. მფარველ-მცველ არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა. მოჭედა ხელითა ბექასითა, ქრისტე, შეიწყალე". ამის შემდეგ, რაკი საბერძნეთი დაიპყრეს ოსმალოებმა და მოესივნენ საქართველოს, ყველა საეკკლესიო სიწმინდენი ნელ-ნელა გადმოიტანეს ქართლისაკენ. ხატი ესვენა ახალციხეში, გორში და სოფ. ჭალაში, ამილახვრის იოთამის სახლში. აქ ყოფნის დროს სახსოვრად დღემდე კარგად დაცულია მშვენიერი წარწერა ღვთის-მოყვარე გივი ამილახვრისა: "ჵ სახიერო და სამნათელო სამებაო და ერთარსებაო, მამაო ძისაგან განუშორებელო, და ძეო მამისათანა სწორო და სულო წმინდაო ორთავე შორის ცხოვრებაო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა წამის-ყოფით მაარსებელო და შემოქმედო, - ჩვენ მსასოებელმან და სურვილით თქვენდა მონდობილმან ძემან იოთამ ამილახორისამან, თვით ამილახორმან გივმან და თანა მეცხედრემან ჩვენმან ქართველთა მეფის შაჰნავაზის ასულმან თამარ და ძემან ჩვენმან ანდუყაფარ და დემეტრემ - ოდეს ვიხილეთ ანჩისხატი ჟამთა ვითარებისაგან ქართლში ჩამოსვენებული, მოჰხდა საქმე, რომ ბევრს ხანს ჩვენს სახლში ესვენა და მისის საფარველითა და შემწეობითა მრავალს ძნელს ავადყოფასა და განსაცდელს განვერენით და ვითაც კარები არა ჰქონდა, ვიწადინეთ და კარები მოვაჭედინეთ და გავაკეთეთ, რათა შემწე გვეყოს ორთავე შინა ცხოვრებათა ძით და ასულით ჩვენით. იყოს მადლი და ცვა-ფარვა თქვენი ჩვენზედა. გაკეთდა კარები ესე მეფობასა მეფეთ-მეფისა გიორგისასა, ინდიკტიონსა მეფობისა მეშვიდესა, ქორონიკონსა ტოდ (=1686 წ.) ამისი სარქარი ლოლაძე ბერაუკა, ღმერთმან შეუნდნეს." კარები ხატისა დაძველებული ყოფილა, ჩამოცვივნული და გივს ამილახვარს განუახლებია და ჩამოუკიდნია ხატის კუბოზედ ისე, როგორც დღეს არის. პირი ღვთის ხატს თან მოჰყვა სამცხედამ მღვდელი პეტრე, მესხიევთა წინაპარი. თუმცა თვით ხატის სამკაულიც დაძველე ბული იყო, მაგრამ ამილახვარი მოერიდა მისს განახლებასა. გავიდა სულ ოცი წელიწადი და ხატის განახლება თავს იდვა კათალიკოზ-პატრიარქმა დომენტი III, მეფის ლევანის ძემ. რასაც ხატის კუბოს დაბლა პირზედ წარწერაც მოწმობს. თემურლენგის შემდეგ ოსმალებმა დაიპყრეს მთელი მცირე აზია, 1453 წ. კონსტანტინეპოლი აიღეს და მით დაიმორჩილეს დიდი საბერძნეთის სამეფო. ამის შემდეგ ოსმალებმა თავისი ჯარი ორ ნაწილად გაყვეს: ერთი მიუსიეს დასავლეთის მხარეს, მეორე - აღმოსავლეთისკენ, ე.ი. საქართველოსკენ; აქ დახვდათ ისეთი შეუპოვარი მოწინააღმდეგენი, რომ 1453 წ. შემდეგ ტრაპიზონის მახლობლად, ანჩაში, ისევ ქართველი ეპისკოპოზი იჯდა ორმოც-და-ათი წელიწადი მეტი, და სამცხის ათაბაგნი მბრძანებლობდნენ ასორმოცდა-ათი წელიწადი მეტი. ამ ხნის განმავლობაში ათაბაგებმა ოსმალებს შეალიეს თავისი ძალ-ღონე, მტერი წინ მიიწევდა ნელ-ნელა და ანგრევდა და ანადგურებდა ქართველების ქალაქ-სოფლებსა, წმ. ტაძრებსა. მეტი რაღა ღონე ჰქონდა ერთ მუჭა ქართველობას, ვინც გადარჩა ცოცხალი, რომ ქართლისაკენ არ წამოსულიყო? სამღვდელოება მიიწევდა ნელ-ნელა ახალციხისაკენ და იმერეთისაკენ და თან მიჰქონდა ხატი და ჯვარი, საეკკლესიო სამკაულნი და წიგნები. აი, ამ დროს გადმოასვენეს ანჩიდამ ახალციხეში პირი ღვთის ხატიც სხვა საეკკლესიო სამკაულებთან ერთად. დომენტიმ გორელ ვაჭარს, ამირჯანა ივანგულაშვილს მოატაინა სამცხედამ ათი ხატი - ანჩისა, ნათლის მცემლისა, იოანე მახარებლისა, მთავარანგელოზისა და ექვსი სხვა წვრილი - ორი ათას მარჩილად, ანუ ასოც თუმნათ 1660 წელს. ესე ხატები გორიდან ჯერ ს. ჭალაში ჩაასვენა იოთამ ამილახვარმან თავის სახლში, მეფე როსტომის სიკვდილამდე; დაძველებული კარები პირი ღვთისა განაახლა იოთამის ძემ გივმა ამილახვარმა. აქედგან დომენტიმ დიდის ლიტანიით ჩამოასვენებინა მუხრანზედ მცხეთაში და აქედგან ტფილისში. აქ დომენტიმ მშვენიერს კუბოში დაასვენა იმ ადგილს, სადაც დღეს ასვენია; მას აქეთ საკათალიკოზო ყოვლად წმიდის ტაძარს დაერქვა ანჩისხატისა.
.: კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას :. ანჩისხატის ტაძრის ეზო "ვითარ საშინელ არს ადგილი ესე! ესა არა რაჲ არს, გარნა სახლი ღვთისა და ესე ბჭე ზეცისა".
ანჩისხატის ეზოში ძველადგანვე გამართული იყო საკათალიკოზო ბინადრობა: სადგომი სახლი კათალიკოზისა სარდაფით ტაძრის კრებულისა და მოხელეთა, სტამბისა, სემინარიისა და სხ. ნიკოლოოზ კათალიკოზმა (1675-1701წ.) დომენტის ანდერძი შეასრულა: დაასრულა განახლება ანჩისხატის ტაძრისა, ააშენა სახლები და მოაწყო ყოველივე საჭიროებით. შემოიკრიბა საუკეთესო მწერალ-მწიგნობარნი, მგალობელნი, ხელოვანნი მხატვარნი: მაგ. მწერალნი და მხატვარი მღვდელნი - საბა, აბელი, მიქელი, პეტრე, რომელთაც გადასწერეს ნიკოლოოზის ბრძანებით მშვენიერი მხატვრობიანი გულანი; ამ მხატვრობის მშვენიერებამ გააკვირვა რუსეთის მეცნიერი პროფესსორი კონდაკოვი. - მათგანვე გადაწერილნი რამდენიმე კონდაკი, და X საუკუნის ორი ტყავზედ (ჯოხზედ დახვეული) ნაწერი ოქროპირის ჟამის წირვა და სხ. მრავალნი ხელნაწერნი დღეს საეკკლესიო მუზეუმში არიან დაცულნი. ყველას ასე ჰგონია, რომ მტერთა შემოსევებისაგან და განსაკუთრებით შაჰ-აბაზისგან რამდენჯერმე აოხრების შემდეგ საქართველოში უნდა გამქრალიყო მწერლობაცა და მხატვრობაცა, მაგრამ კათალიკოზების ქრისტეფორეს, დომენტის და ნიკოლოოზის მეოხებით მწერლობაც და მხატვრობაც ამ დროში წავიდა წინ, ასე რომ, მეთვრამეტე საუკუნეში კათალიკოზის მახლობელნი ორნი საგვარეულონი, მესხიანთი და მაღალაანთი, დიდით-პატარამდე ჩინებულნი მწერალ-მწიგნობარნი და მხატვარნი იყვნენ: დეკანოზები ანჩისხატისა - იოსები, გრიგოლ მხატვარი; დავით კანდელაკი, ალექსი, გიორგი, მიქელ, სოლომონი; სიონისა - მიქელ, იოანე მხატვარი, გიორგი მხატვარი, ნიკოლოზი, ოსე, იოანე ოსეს ძე და სხ., წინ უძღოდნენ მწერალ-მწიგნობრობისა, გალობისა და სტამბის წარმატების საქმესა საქართველოში. მესხიაანთ-მაღალაანთ გვარმა დაიცვეს ჩვენამდე საუკეთესო - გალობა, ხელი წერისა, კილო სახარების და სამოციქულოს კითხვისა. ვის არ ახსოვს შესანიშნავი სახარების მკითხველი ტარასი-არხიმანდრიტი (ქ1874წ.)? ბევრი, ძალიან ბევრი ქართველი მღვდელი და მთავარ-დიაკვანი ცდილობდა მიბაძვასა, მისი კილოთი სახარების კითხვასა. ამიტომაც საქართველოს მეფენი დიდად სწყალობდნენ მესხიაანთ საგვარეულოს და ამხნევებდნენ სწავლა- განათლების გავრცელების საქმეში. საქართველოში ყველგან სახლობდნენ თათარნი და სომეხნი, რომელნიც მუდამ თავის სარწმუნოებისა და გავლენის განმტკიცებასა ცდილობდნენ. ანტონ კათალიკოზი აღიზარდა ანჩისხატის დეკანოზების (დავით, ალექსი, გრიგოლ) ხელში. ამისთანა შესანიშნავი განათლებულნი ეკკლესიის მსახურნი იზიდავდნენ ანჩისხატის ტაძარში არათუმარტო ქართველობას, არამედ სომხობას და თათრებსაც კი. თვით ეზო ტაძრისა მუდამ სიცოცხლით სავსე იყო: თავად-აზნაურობა და სამღვდელოება თავის შვილებს ჩვეულებრივ აქ აბარებდნენ სასწავლებლად. ანტონ კათალიკოზი 1744 წლიდგანვე შეუდგა ყრმათა აღსაზრდელ სკოლების გაუმჯობესობასა, შეადგინა სახელმძღვანელო წიგნები კატეხიზმოსი, გრამმატიკისა, გეოგრაფიისა, ანგარიშისა, ლოღიკისა, ფილოსოფიისა და სხ. ერთ მეკანანახეს (მაღლა ხმით მკითხველი) ოცი და ოც და ათი გადამწერი ესხდა და სწერდნენ სახელმძღვანელო წიგნებსა; საუკეთესო წიგნთა გადამწერნი იყვნენ იმ დროს დეკანოზები სიონისა - ნიკოლოოზ მაღალაძე, იოანე ოსეს ძე; ანჩისხატისა - ალექსი, ამის შვილი გიორგი; ჯვარისმამისა - იოანე გარსევანაშვილი, ისაკ გაბაშვილი, მიხეილ ბერი და სხ. ანტონმა 1 იანვრიდგან 1755 წ. გახსნა ანჩისხატის ეზოში განახლებული სემენარია და სამხრეთის შესავალ კარების მაღლა კედელში ჩასვა მარმარილოს ქვა შემდეგი ხუცურის ასომთავრულის ჩართულის წარწერით: ,,ვითარ საშინელ არს ადგილი ესე! ესა არა რაჲჲ არს, გარნა სახლი ღვთისა და ესე ბჭე ზეცისა". შესაქმე 27.17. (მეფობასა თეიმურაზისასა და ძისა მისისა მეფის ერეკლესსა, პატრიარქობასა ანტონისსა 1755 წ. 9 იანვარს. ეს ქვა დაცულია ანჩისხატის ტაძრის სალაროში.) სემენარიაში მრავალი შესანიშნავი საერონი და სამღვდელონი აღიზარდნენ: ვარლაამ მიტროპოლიტი, იონა მროველი, გაიოზ თაყას ძე ბარათაშვილი, ამბროსი ნეკრესელი, დოსითეოს ნეკრესელი, იოანე და გერვასი სამთავნელები, სტეფანე რუსთველი, იოანე ბოდბელი, დოსითეოს ფიცხელაური, ნიკოლოოზ მაღალაძე, იოანე ოსესძე, გამალიელ გამრეკელი, ტრიფილე, ელევთერი, გერონტი სოლაღაშვილი, ილარიონ ვაჩნაძე, იოსტოს ანდრონიკაშვილი, პეტრე ლარაძე, დავით რექტორი, ნიკოლოოზ ონიკაშვილი, გიორგი პაიჭაძე, მღ. ქრისტეფორე ბადრიძე, აბრამ, დავით, ესტატე ციციშვილი და სხ. სტამბაში მუშაობდნენ, ხან მაგიდას ესხდნენ გარემო და ჰსწერდნენ წიგნებსა კანანახით, წირვა-ლოცვის დროს საყდარში გალობდნენ, კითხულობდნენ და ზედმიწევნით სწავლობდნენ საღმრთო მსახურების წესსა და ტიბიკონსა. კვირა-უქმე დღეებში წირვა-ლოცვის დროს გაისმოდა ეკკლესიაში ორმხრივი გალობა, შემუშავებული და განწმენდილი საუკუნოების განმავლობაში კათალიკოზის კარზედ. ქართლ-კახეთის ყოველი მღვდელთმთავარი აქა შოულობდა, როცა საჭირო იყო, მწერალ-მწიგნობარსა და მგალობელსა. ყველამ ვიცით, რომ ძველ დროში ყოველი საგვარეულო, თავადაზნაურთა, თუ სამღვდელოთა - აქ, კათალიკოზის კარზედ, ზრდიდა ერთ-ერთს თავის სახლის შვილსა და ამზადებდა ღვთის მსახურებისათვის, რომ ოდესმე ჰყოლოდა მწირველ-მლოცველი სამღდელო პირი, მომხსენებელი თვისთა და მოყვასთა - მიცვალებულთა და ცოცხალთა. როდესაც მეფე-დედოფალი, ბატონიშვილი, ანუ სხვა წარჩინებული პირი მოვიდოდნენ სემენარიის სანახავად, მოწაფენი მიეგებებოდნენ ხოლმე იამბიკოს ლექსებით, რომელთაც ხელ და ხელ შეადგენდნენ და წარმოსთქვამდნენ. 1791 წ. აპრილში დავით ბატონიშვილს ენახა თელავის სემენარია, რომლის რექტორად იყო დავით ალექსისძე, ანჩისხატის დეკანოზის შვილი. ტფილისში ჩამოსულმა დავით ბატონიშვილმა - ახლა ანჩისხატის სემენარია ინახულა. აქაც, მოწაფეებმა, როგორც თელავში, მოახსენეს ბატონიშვილს ქება იამბიკოებით. მოგვყავს ორიოდე. დავით მიქელის ძემ: ,,ჩვენ მიერ შესხმა უსრულოჲ, უფერო ,,მიხარის რომელ თქუჵნისა დიდებისა
,,დაემტკიცენინ სახლი ეგე სიბრძნისა, სამშობლო ენაზედ სწარმოებდა სწავლა-განათლება და ვერა რაჲჲმე სიძნელე ვერ აბრკოლებდა ქართველ ახალგაზრდობასა შეესწავლა შეგნებით ფილოსოფია და ღვთის-მეტყველება. სამშობლო ენაზე განათლებულნი პირნი აკი მუდამ ზედ გამოჭრილნი მეურნენი იყვნენ ეკკლესიისა და ერისა! აკი თავ-განწირვით უყვარდათ თვისი სამწყსო და სამშობლო მიწა-წყალი!... 1763 წელს სასულიერო გამგეობას დიკასტერია ეწოდა. ამა დიკასტერიის წევრად ითვლებოდნენ ეპისკოპოსნი, არქიმანდრიტნი, დეკანოზნი და მღვდელნი კათალიკოზის აღრჩევით. ანჩისხატის დეკანოზი ყოველთვის დიკასტერიის წევრათ ირიცხებოდა. ყოველი დანაშაული სასულიერო პირთაგან ჩადენილი წინაშე ეკკლესიისა, ანუ საზოგადოებისა, აქ ანჩისხატის ეზოში ირჩეოდა ხოლმე და დამნაშავეს ესაჯებოდა შესაფერი სასჯელი. მტკვრის პირად კათალიკოზის სახლთან მრავლად იყვნენ წვრილი ოთახები (კელიები) ბერ-მონაზონთათვის საცხოვრებლად. მთელ ეზოში ირგვლივ, სამრეკლოდგან დაწყებული მტკვრის პირამდე, სახლები იყო დამართული. ჯერ ისევ ანტონ I გამართა 1780 წლიდგან მტკვრის პირად კუთხის ოთახში პატარა ჯვარის ეკკლესია, რომელშიაც მიიცვალა კიდეც 1788წ. 29 თებერვალს, სამშაბათ საღამოთი. 27 თებერვალს, კვირას, ანჩისხატის ტაძარში სწირა ტფილელ მიტროპოლიტმა გერმანემ; წირვა რო გამოვიდა, შემოსილმა გაასვენა ბარძიმი კათალიკოზის საზიარებლად. ანტონი მოემზადა წმ. საიდუმლოს მისაღებად: დაიბანა პირი, დაივარცხნა თმა, წვერი, ჩაიცვა კაბა ანაფორა და მაჯის ღილები თითონ შეიკრა. მოხუცებულს გერმანეს გული ამოუჯდა ტირილით, ქვით-ქვითებდა და ვერ მოახერხა ეზიარებინა ავათმყოფი. მაშინ ანტონმა თვით წარმოსთქვა სუსტის ხმით ზიარების ლოცვა ,,მრწამს, უფალო, და აღვიარებ" და თავის ხელით ეზიარა. 1795 წ. ყიზილბაშებმა მიანგრ-მოანგრიეს სახლები ანჩისხატის ეზოში და ანტონი I პატარა ჯვარის საყდარიც. ძველი სამრეკლოდან დაწყებული ქუჩის პირად სახლებში 1811 წ. სცხოვრობდნენ იულონ ბატონიშვილის ასული თამარ და სოლომონ II მეფის დაჲჲ მარიამ. შემდეგ დარჩათ საკუთრებათ კათალიკოზის სახლთუხუცესის მაღალაძის შთამომავალთ; ამავე ხანებში მაღალაძეებმა შეისყიდეს უგანათლებულესის, გენერალ-ლეიტენანტის ქვრივის(?), კნეინა ბაგრატიონისაგან დანარჩენი სახლიც. 1870 წ. სასინოდო კონტორამ შეისყიდა მაღალაანთაგან ეს სახლები გორის ეპისკოპოსის ბინად. დღეს ანჩისხატის ტაძარი შევიწროებულია ეზოს მხრივ და ,,საეკკლესიო-სამრევლო სამზრუნველო" მეცადინეობს, დაუბრუნოს მას უსამართლოდ ჩამორთმეული ეზო და სახლები. სპარსთაგან ტფილისის აოხრების შემდეგ (1795 წ. სეკტემბერს 11-13) ანტონ II კათალიკოზმა მალე განაახლა სემენარიაც და სტამბაც, მაგრამ დიდ-დიდნი უბედურებანი და აღრეულობანი ამ დროს დაატყდნენ თავსა საქართველოს ერსა და ეკკლესიასა. ჯერ მიიცვალა მეფე ერეკლე (2 იანვარს, 1798 წ.) და მერე მეფე გიორგიც (27 დეკემბერს, 1800 წ.); რაღაც იდუმალმა მანქანებამ არია ქვეყანა და უიმისოთაც წელში გადაწყვეტილი ერი ქართველთა გონს ვეღარ ეგებოდა. ამ დროს ვიღას ეცალა საეკკლესიო საქმეებისთვის? ანტონ კათალიკოზი განაგებდა საეკკლესიო საქმეებსა როგორც კი იმ დროებას შეეფერებოდა. გაიმართა ენა-ტანიობა, ბეზღობა, ერთმანეთის დასმენა, გაება დაუბოლოვებელი დავი-დარაბა, აიმღვრა წყალი - და ადვილად იჭერდნენ ალალ-მართალ თევზებსა. ამ აურზაურისა გამო ანტონ II იძულებული იყო, გამგზავრებულიყო პეტერბურგისაკენ 10 ივლისს, 1811 წ. და აღარც მობრუნებულა სამშობლოში; ანტონი მიიცვალა ნიჟნი-ნოვგოროდში 1827 წ. დეკემბერში. ანტონის წასვლის შემდეგ დაცარიელდა ანჩისხატის ეზო, დამცირდა თვით ტაძარიც. ესრე წარმავალია დიდება ამის სოფლისა! ესრეთ ცვალებადია ყოველი ქმნილი ხელთა კაცთაჲთა! მაგრამ ძველ ჩვეულებას ვერ უღალატეს და მრავალნი თავად-აზნაურნი და სამღვდელონი ისევ აქ, ანჩის ხატის დეკანოზებს აბარებდნენ თავის შვილებს, ან აქვე, ეზოში აბინავებდნენ. ანჩისხატის ტაძრის საეკლესიო ნივთები მრავალ საეკკლესიო სახმარებელ ნივთთაგან მაგდენი აღარაფერია დარჩენილი: ჯერ ტფილისის აოხრების დროს (1795 წ.) დაიღუპა, თუ იყო რამე; რაც გადარჩა, გაიყიდა. რაც დღეს არის, ყველაფერი განსვენებულის დეკანოზის დიმიტრი ალექსის ძის მესხის ნაამაგარია. #1. ტრაპეზის სანაწილე | ||||||